პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ სააღდგომოდ გათავისუფლების რეკომენდაცია 66 მსჯავრდებულს გაუწია. კომისიამ სულ 235 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაც ყველა კატეგორიის დანაშაული აქვთ ჩადენილი. 66 პატიმარს შორის 7 ქალია. აღსანიშნავია, რომ სიაში არცერთი არასრულწლოვანი არ მოხვედრილა. როგორც კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – კომისიისათვის წარდგენილი არასრულწლოვნები სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცისგან დადებითად არ ხასიათდებიან და ჩადენილ დანაშაულებს არ ინანიებენ, რაც მათი გათავისუფლების რეკომენდაციის გასაწევად ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა.
რეკომენდაციაგაწეულთა სია სათანადო სასამართლოებს გადაეგზავნება და მათ გათავისუფლებაზე საბოლოო გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში ის 4 მსჯავრდებულიც შეხვდება, რომლებიც საპატიმროებიდან მოკლევადიანი, სამდღიანი შვებულებით გაუშვეს. მათ თავდებად თავად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე დაუდგა. კალმახელიძის განცხადებით, მოკლევადიანი შვებულებების პრაქტიკა სამომავლოდ ფართოდ დაინერგება.