დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ 120-დღიანი სამუშაო გეგმა წარადგინა.
სხდომის დაწყებამდე 2006-2010 წლების მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა უგულავას თბილისის გასაღები გადასცა.
Gგიგი უგულავას განცხადებით, მისი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უგულავამ ერთ-ერთ პრიორიტეტად თბილისის 24-საათიანი წყალმომარაგებაც დაასახელა.
ასევე, უგულავას თქმით, დედაქალაქის მერია გააგრძელებს ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო სწავლის პროგრამას დ ახელს შეუწყობს თბილისში მცხოვრებ დევნილებს, ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში.
მერის ცნობით, აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, “ვეფხვისა და მოყმის” ძეგლთან ახალი ხიდი, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვირაბი აშენდება, რკინიგზა თბილისის გარეუბანში გადავა, თბილისის ზღვაზე კი, რეკრაციული ზონა მოეწყობა.
უგულავამ ოპოზიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისთვის ოპოზიციის წინადადებები ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.
|